Friday, June 4, 2010

08:15 / 26-05-2010
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს
ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ, სხვადასხვა დროს დაიბადნენ და სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოაჩინეს თავი. ისინი სუსტი სქესის ძლიერი წარმომადგენლები არიან და საკუთარი მოღვაწეობით, ფაქტობრივად, მსოფლიო შეცვალეს.

"მწარე ენის" მოდური ქალბატონი
"თუ ქალი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ ულამაზოა, გამოდის, რომ სულელი ყოფილა", - დარწმუნებით ამტკიცებდა დიდებული მადმუაზელი. გამხდარი ტანის, ხისტი ხასიათის, მახვილი გონებისა და "მწარე ენის" ქალმა თავდაყირა დააყენა მოდის მიმდევარი მსოფლიო.

"პულოვერითა და ათი ასხმა მარგალიტით" კოკო შანელმა ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა მოდაში. სწორედ მან გაათავისუფლა ქალები შემაწუხებელი კორსეტებისგან, ფაშფაშა კაბებისა და რთული ვარცხნილობებისგან. სამაგიეროდ კი შავი ფერის სამოსი, მოკლე ვარცხნილობა, შარვალი, "შანელი #5"-ის არომატი და მოკლე შავი ქვედაკაბები შეგვაყვარა.

სხვათა შორის, მისი შთაგონების შესახებ ბევრს ჭორაობდნენ. ამბობდნენ, რომ კოკო შანელი გარდაცვლილი საყვარლის გამო დარდობდა, მაგრამ ძაძების ჩაცმა არ შეეძლო, რადგან მასთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. ფიქრობდნენ, რომ სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შანელმა ყველა ქალი შავ სამოსში გამოეწყო.

თუმცა თაყვანისმცემლები კოკო შანელს არასდროს მოჰკლებია. მის გვერდით იყვნენ არისტოკრატები, მილიონერები, სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, მაგრამ ცოლად არავის გაჰყოლია. ვესტმინსტერის ჰერცოგის წინადადებაზე, გამხდარიყო მისი ცხოვრების თანამგზავრი, მან ასეთი პასუხი გასცა: "ჰერცოგის ცოლი ბევრია, მადმუაზელი კი მხოლოდ ერთი.

"გულების დედოფალი"
ლედი დაიანას "მსოფლიო პრინცესასაც" უწოდებდნენ, რადგან სიკეთისა და ქველმოქმედების სიმბოლოდ ქცეული ქალი ყველგან უყვარდათ. მისი ცხოვრება ზღაპარივით აეწყო - საბავშვო ბაღის აღმზრდელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა.

მათი ქორწილი ბრიტანული დღესასწაულის ფარგლებს გასცდა, რადგან ცერემონიალს სხვადასხვა ქვეყანაში ტელეეკრანიდან 750 მილიონი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ამბობენ, რომ დაიანას ხალხის მოსმენისა და მათი გაგების განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ესაუბრა, როგორც თანასწორთან, ყველა რასისა და სოციალური სტატუსის წარმომადგენელთან.

მონაწილეობდა შიდსით ინფიცირებულთა დასახმარებლად გამართულ თუ სხვა საქველმოქმედო აქციებში. ერთ-ერთი უკანასკნელი მისიის დროს, მან შემოიარა ბევრი ქვეყანა ანგოლიდან ბოსნიამდე, რათა თავად ენახა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქების შედეგები და მოუწოდებდა მსოფლიოს უარი ეთქვა ამ იარაღის გამოყენებაზე.

პრინც ჩარლზს დაიანამ სამეფო გვირგვინის ორი მემკვიდრე, უილიამი და ჰარი გაუჩინა, მაგრამ ქორწინებაში უიღბლო გამოდგა. ჩარლზმა კამილა პარკერის დავიწყება ვერ შეძლო და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წყვილის ცხოვრებაში ბზარი გაჩნდა.

დაიანა დეპრესიაში იყო და ბულიმიაც კი აწუხებდა... ჩარლზთან დაშორების შემდეგ ლედი დაიანას ცხოვრებაში არაბი მილიონერის, მუჰამედ ალ-ფაიედის შვილი, დოდი ალ-ფაიედი გამოჩნდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე გამოდგა, 36 წლის დაიანას სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა გახდა, რომლის მიზეზები დღემდე ამოუხსნელია.

ინდირა განდი - "მთვარის ქვეყანა"
1966 წელს, როდესაც ის პირველად დაინიშნა ინდოეთის პრემიერ-მინისტრად, მეტოქეებმა "სულელი თოჯინა" შეარქვეს. აღმოჩნდა, რომ მწარედ ცდებოდნენ. გოგონა, სახელად "მთვარის ქვეყანა" (სწორედ ამას ნიშნავს მისი სახელი), 1917 წელს ინდოეთის ერთ მდიდარ და გავლენიან ოჯახში დაიბადა.

როგორც ნამდვილ ინდოელ ქალს შეშვენის, ოჯახი შექმნა და ორი ვაჟი გააჩინა. როგორც მისი მემატიანეები აღწერენ, ეს წლები მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყო. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ინდირა განდიმ ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ მამა და უმცროსი შვილი. ძნელი წარმოსადგენია, რა ხდებოდა მის გულში, თუმცა გარეგნულად მალევე დაიბრუნა ჩვეული შემართება. ძალიან მალე, ეს დაბალი ტანის, ნაადრევად ჭაღარით შევერცხლილი თმითა და სარიზე დამაგრებული ვარდისფერი ყვავილით, გამძლეობასა და სიბრძნესთან ასოცირდებოდა.

თანამემამულეებმა მასში თვით შაქტის (გონიერების ქალღმერთის) განსახიერება დაინახეს. ინდირა განდი გახდა პირველი ქალი, ვისაც ქვეყნის პოლიტიკური ბედის გადაწყვეტა ანდეს.

სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ძლიერი, მტკიცე ხასიათისა და ძალაუფლების მოყვარე ინდირა განდი პირველ რიგში მაინც ქალი იყო, რასაც მას საბედისწერო შეცდომად უთვლიან - 1984 წლის 31 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან შეხვედრამდე, განდი დიდხანს არჩევდა სამოსს და ვერც კი იფიქრებდა, რომ ეს უკანასკნელი დღე აღმოჩნდებოდა მის ცხოვრებაში. ზაფრანისფერი კაბის შერჩევისას ინდირა განდიმ ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მოიხსნა, ჩათვალა... რომ ცოტათი ასუქებდა...

ოდრი - დიზაინერების მუზა
მხატვრულ ფილმ "საუზმე ტიფანისთან" წყალობით საიუველირო კომპანია Tiffany&Co-მ საყოველთაო აღიარება მოიპოვა. ოდრი ჰეპბერნმა მაყურებელი არა მხოლოდ თავისი ნიჭით, არამედ არისტოკრატული გარეგნობით, ქალურობითა და სილამაზით მოხიბლა.

ცნობილი კუტიურიე იუბერ დე ჟივანში, რომლისთვისაც ოდრი შემოქმედების მუზა იყო, ამბობდა, რომ ქვეყანაზე არ დადის გოგონა, რომელიც არ ნატრობდეს, ჰგავდეს ოდრის. თავად მსახიობი ქალი, რომლისთვისაც სამოსის შექმნა ნებისმიერი მოდელიერისთვის დიდ პატივად ითვლებოდა, ამბობდა, რომ ქალის სილამაზე სამოსში, აღნაგობასა და ვარცხნილობაში კი არ ვლინდება, არამედ თვალების ბრწყინვალებაში. "თვალები - გულის ჭიშკარია, სადაც სიყვარული ბინადრობს", - ამბობდა ოდრი.

მას ხშირად ჯადოსნურ ელფს ადარებდნენ, თუმცა მისი ვიწრო წელი (ოდრის სიმაღლე 1,70 სანტიმეტრი იყო, წელის გარშემოწერილობა კი სულ რაღაც 50 სანტიმეტრი ჰქონდა) სულაც არ იყო მტანჯველი დიეტების დამსახურება. ომის დროს მან გამოიარა შიმშილი, დაბომბვა და თვეობით ცხოვრობდა დატბორილ, გაყინულ სარდაფში. გაჭირვებული ბავშვობა ოდრის არც მაშინ დავიწყებია, როცა დიდების ზენიტში მოექცა.

ოდრი დაკავებული იყო ქველმოქმედებით და იუნისეფის ერთ-ერთ აქტიურ ელჩად მიიჩნეოდა. ოდრი ორჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. თუმცა იღბალმა ბოლომე მაინც არ აქცია ზურგი, ოდრის მესამედაც შეუყვარდა. მართალია, ის კაცი მისი ქმარი არ გამხდარა, მაგრამ წყვილმა სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა.

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
მასალების გამოყენების პირობები

No comments:

Post a Comment